აღსრულების ბიურომ "ალტ-ინფოს" 233 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა

აღსრულების ეროვნული ბიურომ პარტია "კონსერვატიულ მოძრაობას", სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის (217 482 ლარის) გადახდა მოსთხოვა. დოკუმენტი ბიურომ 25 იანვარს გამოსცა და პარტიას 7-დღიანი ვადა მისცა.

ვადის ამოწურვის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს პარტიის ანგარიშების დაყადაღება შეეძლება.

"სრულიად უსაფუძვლოდ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ანგარიშებს დაყადაღება, ხოლო ქონებას ჩამორთმევა ემუქრება, ეს კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - წინასაარჩევნოდ სრულად მოხდეს „კონსერვატიული მოძრაობის“ განეიტრალება," - აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე.

პარტიის წინააღმდეგ სამართალწარმოება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წელს დაიწყო. იმ დროს სწორედ ამ უწყების ვალდებულება იყო, შეემოწმებინა პარტიების ფინანსური ანგარიშები.


სადავო იყო 2021 წლის დეკლარაცია. აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი არასწორად იყო შევსებული - პარტია უთითებდა, რომ დეკემბერში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია - სწორედ ამ დროის გაიხსნა "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისები; გარდა ამისა, საუბარი იყო არაფულადი შემოწირულებების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებებზე - ბრენდირებული მასალის დაბეჭდვასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა პარტიამ ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე.

სასამართლომ გაიზიარა აუდიტის სამსახურის მოსაზრება და პარტიას სავარაუდოდ დამალული თანხის სამმაგი ოდენობა დააკისრა. იმის გამო, რომ "კონსერვატიულმა მოძრაობამ" დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.